სიახლეები

05:17 / 24 ივნ. '22
უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი
21-23 ივნისს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის გაცნობა, ამ პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა და სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
კონფერენციის ფარგლებში, მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა, მონაწილეებმა რეფორმის ეტაპზე მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს, სამომავლო ნაბიჯები განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გააზიარეს, სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებები და რეკომენდაციები მოისმინეს.
კონფერენცია პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების სფეროს მართვის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა და მიმოიხილა ამ მოდელის როლი უნარების ეკოსისტემის განვითარებაში.
სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ კოლეჯების დახმარება და მათი ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობაა, შესაბამისად ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

© Copyright 2020 College Panacea