08:29 / 29 აგვ. '18 edu.aris.ge-ს სტატია ჩვენს შესახებ edu.aris.ge: "პანაცეა“ ერთადერთი კოლეჯია ამ სფეროში, რომელიც ხარისხიან განათლებას იძლევა“ – ასე ახასიათებენ დამსაქმებლები, პარტნიორი კომპანიები საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ რომელიც კურსდამთავრებულთა დასაქმების უპრეცენდენტო სტატისტიკით ამაყობს – დასაქმების მაჩვენებელი 80-95 პროცენტია. კოლეჯი, რომელსაც ამ სტატიის მეშვეობით გაგაცნობთ, სამედიცინო სფეროში მუშაობით დაინტერესებულ ადამიანებს პროგრამების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: პრაქტიკოსი ექთანი, ექთნის თანაშემწე, ბებიაქალი, ფარმაცევტის თანაშემწე, კბილის ტექნიკოსი, მასაჟისტი და ასევე, აქვე ხორციელდება პრაქტიკოსი ექთნის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა. ანუ ჯამში, კოლეჯში 6 საგნობრივი და ერთი მოდულური პროგრამა ფუნქციონირებს. ყველაზე ხანგრძლივი სწავლება პრაქტიკოსი ექთნის მიმართულებაზეა – 2.5 წელი. ყველაზე მცირეხნიანი, 1 წლიანი კი მასაჟისტის პროგრამაა. სწავლის პროცესში კი უდიდესი დრო პრაქტიკულ მუშაობას ეთმობა. რაც მთავარია, „პანაცეას“ კურსდამთავრებულებს ფაქტობრივად გარანტირებულად ელოდებათ სამუშაო ადგილი, ვინაიდან კოლეჯი წარმატებით ურთიერთობს სამედიცინო და ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ ათობით მსხვილ კომპანიასთან. მაგალითად ისეთებთან, როგორიცაა „პე ეს პე“, „ ჯი პი სი“, „ფარმადეპო“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს საკუთარ გარემოში „პანაცეას“ სტუდენტებს და არა მხოლოდ ასაქმებს მათ სწავლის დამთავრების შემდეგ, არამედ 5 მათგანს სწავლასაც კი უფინანსებს. ეს კი ერთადერთ რამეზე მეტყველებს – ბაზარს სჭირდება პროფესიული განათლების მქონე სამედიცინო მუშაკები, რომელთა ანაზღაურება რიგ შემთხვევაში 1000 ლარსაც აჭარბებს. სწავლის ეტაპი – თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ყოველწლიულად „პანაცეაში“ 500-550 სტუდენტი სწავლობს. იმდენად, რამდენადაც პროფესიული განათლება სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოიაზრებს, „პანაცეაში“ პრაქტიკულ ნაწილს უზარმაზარი ყურადღება ექცევა. საგნობრივი პროგრამების შემთხვევაში პრაქტიკას სწავლების მინიმუმ 40% უკავია. ამას სტანდარტი განსაზღვრავს. რაც შეეხება მოდულურ პროგრამას, აქ პრაქტიკას 50% ეთმობა. პრაქტიკული საქმიანობის ათვისება სტუდენტებს კოლეჯშივე შეუძლიათ – სიმულაციურ გარემოში. შემდეგ კი პოტენციურ დამსაქმებლებთან. „სამედიცინო სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მანიპულიაციებისა და პროცედურების ცოდნას, რასაც სტუდენტები სიმულაციურ გარემოში აკეთებენ. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი, ისევ პრაქტიკის ფარგლებში, ისინი კლინიკებში, მასაჟის კაბინეტებში, აფთიაქებში ინაცვლებენ, სადაც რეალურ გარემოში აგრძელებენ სწავლას,“ – განმარტავენ კოლეჯში. სვლა დასაქმებისაკენ, პარტნიორების როლი სასწავლო პროგრამები „პანაცეაში“ ბაზრის შესწავლის შემდეგ ირჩევა. ანუ, პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს პასუხობენ, რათა გადამზადებულ კადრს დასაქმება გაუადვილდეს. როგორც კოლეჯის ხელმძღვანელობა აცხადებს, „პანაცეა“ წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობს არაერთ კლინიკასთან, სამშობიარო სახლთან, სააფთიაქო ქსელთან და ა.შ. რომელთაგანაც კვალიფიციური კადრის მოთხოვნას პერმანენტული ხასიათი აქვს. პოტენციურ დამსაქმებელთან მჭიდრო კონტაქტი და თანამშრომლობა, კოლეჯის ხელმძღვანელობის თქმით, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამგვარად ისინი სწავლის პროცესშივე ეცნობიან სტუდენტების ცოდნასა და შესაძლებლობებს, აკვირდებიან პრაქტიკის დროს და სწავლის დასრულების შემდგომ სამსახურს უფრო იოლად სთავაზობენ. პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისთვის უმთავრეს საკითხებზე „პანაცეას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრთან მაია ჩიხლაძე და სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელი დალი კალაძე გვესაუბრებიან. „ისეთი დიდი სამედიცინო კორპორაცია, როგორც „ევექსია“ იმდენად არის დაინტერესებული ჩვენი კადრებით, რომ არა მხოლოდ პრაქტიკის შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს და არა მხოლოდ სთავაზობს მათ სამუშაოს სწავლის დასრულების შემდეგ, არამედ ხუთ მათგანს სწავლასაც კი უფინანსებს. ანუ, ის თავის წიაღში ზრდის კადრს, ასწავლის, უხდის საფასურს და სამუშაოდაც იტოვებს“,- აცხადებენ კოლეჯში. ინტერვიუს ესწრებოდა საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთავარი ექთანი ქეთევან გარსევანიშვილი, რომელიც პარალელურად „პანაცეას“ პედაგოგია და მომავალ პრაქტიკოს ექთნებსა და ექთნის თანაშემწეებს ამზადებს, ასწავლის, აკვირდება, ბოლოს კი ისინი მისი ხელქვეითები და კოლეგები ხდებიან. „ჩვენი დაკვირვებით, „პანაცეა“ ერთადერთი კოლეჯია ამ სფეროში, რომელიც ხარისხიან განათლებას იძლევა. ის სიახლეებისთვის ყოველთვის მზდ არის, რაც სამედიცინო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, დამსაქმებლები, ვაფასებთ მათ მიერ მომზადებულ კადრს და ვხედავთ თუ რამხელა შრომაა ჩადებული თითოეულ მათგანში. დამსაქმებელი დაინტერესებულია ისეთ კოლეჯთან ითანამშრომლოს, რომელიც სტუდენტებს სათანადო ცოდნას აძლევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუმზადებელი კადრის მიღებისას, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ იგი კვალიფიციურად იქცეს. ასეთ დროს დამსაქმებელი სხვა კოლეჯის ძებნას იწყებს. „პანაცეას“ შემთხვევაში ეს პრობლემა არასოდეს დგას, ამიტომაც შედგა ჩვენი ტანდემი ასე წარმატებულად,“ – აცხადებს ქეთევან გარსევანიშვილი. „პანაცეა“ასევე თანამშრომლობს სააფთიაქო ქსელ „ჯი პი სი“-სა და „ფარმადეპოს“ შერწყმის შედეგად წარმოშობილ კორპორაცია „გიფა“-სთან, რომელიც ასობით აფთიაქს აერთიანებს და ათასობით ადამიანს ასაქმებს. ასევე, სააფთიაქო ქსელ „პე ეს პე“-სთან, სამშობიარო სახლებთან, მულტიპროფილურ, ინფექციურ და ფსიქიატრიულ კლინიკებთან და ა.შ. გაეცანით „პანაცეას“ პარტნიორ კომპანიებს დასაქმება „პანაცეა“ ყოველწლურად აწარმოებს სტუდენტთა დასაქმების სტატისტიკას. მათ წარმოგვიდგინეს კიდეც დიაგრამებში ასახული თითოეული პროგრამის კურსდამთავრებულთა და დასაქმებულთა სურათი და უნდა ითქვას, რომ დასაქმებულთა რაოდენობა თითოეულ პროგრამაზე 80 პროცენტს აჭარბებს. პრაქტიკოსი ბებიაქალის შემთხვევაში კი თითქმის სრული დასაქმებაა სახეზე – სტუდენტთა 95 %-ზე მეტმა სამსახურთან დაკავშირებული შემოთავაზება სწავლის დასრულებიდან მალევე მიიღო. კოლეჯში აცხადებენ, რომ ამ სპეციალობის მქონე ახალგაზრდებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მიწოდება კი ბევრად ნაკლები. ამიტომ მუდმივად კადრების დეფიციტია. საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: მიუხედავად იმისა, რომ ბებიაქალებს ფაქტობრივად გარანტირებულად ელოდებათ სამუშაო ადგილი, ახალგაზრდები ამ საქმით ყველაზე ნაკლებად ინტერესდებიან. ყველაზე პოპულარული კი პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობაა. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კოლეჯის ხელშეწყობით საქმდება, თუმცა ასევე დიდი წილი მოდის თვითდასაქმებულებზე. ასეთები ძირითადად ფარმაცევტები და კბილის ტექნიკოსები არიან. ეს უკანასკნელნი თავადაც ხსნიან სტომატოლოგიურ კაბინეტებს, სადაც სხვა კურსდამთავრებულებს ასაქმებენ. ხშირია სწავლის პროცესშივე დასაქმების შემთხვევებიც. „პანაცეას“ კარიერის სამსახური კურსდამთავრებულებთან მუდმივ კონტაქტზეა და მათ არსებული ვაკანსიების შესახებ აწვდის ინფორმაციას. იხილეთ სად არიან დასაქმებული „პანაცეას“ კურსდამთავრებულები ანაზღაურება ჩემოთვლილი სპეციალობებიდან ყველაზე მაღალაზღაურებადი პრაქტიკოსი ექთნის პოზიციაა. მას მოსდევს კბილის ტექნიკოსი და მასაჟისტი. როგორც „პანაცეაში“ განმარტავენ, მათგან წასული სტუდენტების ანაზღაურება მინიმუმ 300-400 ლარია.უფრო ხშირად კი მეტიც. ქეთევან გარსევანიშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში ექთნის მინიმალური ხელფასი 500 ლარიდან იწყება, ექთნის თანაშემწის კი – 300-დან. ანაზღაურება დროთა განმავლობაში გამოცდილებისა და კარიერულ საფეხურზე ასვლასთან ერთად იმატებს და ზოგჯერ 1000 ლარსაც აჭარბებს. შიდა გადამზადების საფუძველზე კი შესაძლებელია პროფილის შეცვლა ან გამრავალფროვნებაც. მოკლედ კოლეჯის შესახებ მდიდარი ტრადიციის მქონე, უძველესი, ნოვატორული და გამბედავი – ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“, სადაც მისვლისთანავე, ფოიეში წარმოდგენილი სტენდით – ფოტომასალითა და მიღწევების ამსახველი სერტიფიკატებით მიხვდებით თუ რამდენი რამ აქვს საამაყო კოლეჯს. „პანაცეას“ ისტორია თითქმის ორსაუკუნივანია. იგი 1873 წელს დაარსდა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში ასეთი სიძველის პროფესიული სასწავლებელი არ არსებობს. „პანაცეას“ პროფილი მას შემდეგ არ შეუცვლია. მიუხედავად თითქმის ორსაუკუნივანი ისტორიისა და უძველესი, მდიდარი ტრადიციებისა, „პანაცეა“ არ უშინდება სიახლეებს, რეფორმებს და მუდმივად პირველია იმათ შორის, ვინც პროფესიულ განათლებაში მომხდარ ცვლილებებს საკუთარ თავზე ცდის. სწორედ ამიტომ, „პანაცეა“ უკვე იმ ხუთ კოლეჯს შორისაა, რომელთა გამოცდილების შესწავლის შედეგებს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიულ კოლეჯებში ნერგავენ. ამის მიღწევა კი „პანაცეასთვის“ არცთუ იოლია, რადგან მათ საკმაოდ კონკურენტულ და ხშირად არაჯანსაღ გარემოში უწევთ ბრძოლა.
|