12 მაისს, ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექთნებს და სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა მათ ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო და სექტორის განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა. მოგვიანებით ზურაბ ჭიაბერაშვილი ექთნებისათვის აქტუალური თემებით დაინტერესდა და შეხვედრაში მონაწილეების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა, წლის საუკეთესო ექთნის ნომინაციაში გამარჯვებული 9 ექთანი სიგელებით დააჯილდოვა, (მათ შორის ორი ექთანი „მეორე სამედიცინო სასწავლებლის“ კურსდამთავრებული იყო). კანდიდატები საქართველოს ექთანთა ასოციაციამ სხვადასხვა კლინიკების თანამშრომელთა შორის შეარჩია. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი „საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას“ „პრაქტიკოსი ექთნის“ და „ექთნის თანაშემწის“ პროგრამების პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა „ექთანთა საერთაშორისო დღე“, ისაუბრა „ექთნის“ და „ექთნის თანაშემწის“ როლზე ჯანდაცვის სფეროში, აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინისტრის განცხადებით, შეიქმნება ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი, რომელიც იმავდროულად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეპუტაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ექთანთა საერთაშორის დღე 1965 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ეს თარიღი ცნობილი ინგლისელი ექთნის ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღეს უკავშირდება.