სიახლეები

07:55 / 16 მარ. '17
შეხვედრა საქართველოს კარიტასში

 საქართველოს კარიტასში შედგა შეხვედრა ფრაიბურგის უნივერსიტეტის, საექთნო სკოლის წარმომადგენლებთან კორნელია კრიშელდორფსა (პრორექტორი, გერონტოლოგი) და ანნე კელნერთან (საექთნო საბაკალავრო პროგრამის ხელ-ლი). სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია - გერმანიაში დღეს არსებული საექთნო განათლების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტის საექთნო საბაკალავრო პროგრამას აქვს მჭიდრო კავშირი პროფესიულ საექთნო პროგრამასთან და მათთან უკვე წლებია ხორციელდება პროფესიული პროგრამების სტუდენტთა კრედიტების აღიარება საბაკალავრო დონეზე. აღინიშნა, რომ გერმანიაში არის საექთნო განათლების სხვადასხვა დონე: ექთნის ასისტენტი; პროფესიული განათლების ექთანი; ბაკალავრი ექთანი, მაგისტრი და დოქტორი ექთანი. 
 შეხვედრაში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლებმა: ქეთევან გარსევანიშვილმა (საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი), მაია ჩიხლაძემ (სკკა, საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა), გაიოზ ყუბანეიშვილმა (კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი ) და მაია მიქაძემ (შინმოვლის პროექტის კოორდინატორი) ასევე ისაუბრეს საქართველოში პროფესიული განათლების, მათ შორის საექთნო განათლების, სივრცეში, მიმდინარე რეფორმებზე. ქ-მა მაია ჩიხლაძემ აღნიშნა , რომ მალე ძალაში შევა ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, სადაც ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული პროფესიული კრედიტების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის აღიარება. ამ ინფორმაციამ დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. 
 შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები, მოსაზრებები და შეთანხმდნენ, რომ მომავალი შეხვედრისთვის ისაუბრებდნენ უფრო კონკრეტულ მიღწეულ შედეგებზე.

© Copyright 2020 College Panacea