კონფერენციზე დაინტერესებულ მხარეებს წარედგინათ ბიზნენისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები. აღნიშნული კვლევა ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით. კვლევამ მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცვა 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია, ხოლო მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც ბიზნესის განვითავრებას უშლის ხელს.
ქვეყანაში მარეგულირებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია, ფინანსურ რესურსებზე წვდომადობა, განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობა - ეს ის თემებია, რომლებიც ბიზნეს სექტორმა დაასახელა.
აღნიშნულ კონფერენციაზე კვლევის შედეგების მიმოხილვის გარდა ასევე ისაუბრეს იმ სავარაუდო რეკომენდაციებისა და სტრატეგიების შესახებ, რომელიც შემუშავდება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
კონფერენცია გამოირჩეოდა მასშტაბურობით, რადგან წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. ასევე, სამთავრობო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, 10-მდე სექტორული გაერთიანება, დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლები, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები da დამოუკიდებელი ექსპერტები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია პროექტის - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“, მხარდამჭერებთან ერთად და ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობით ახლო მომავალში გეგმავს რეკომენდაციების და სტრატეგიების შემუშავებას გამოვლენილ ხელისშემშლელ ფაქტორებზე რეაგირების მიზნით.